

მეორე ყოველწლიური იმიტირებული სასამართლო პროცესი კონკურენციის სამართალში
ღონისძიების შეჯამება
2025 წლის 21 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ-ს) იურიდიულ ფაკულტეტზე გაიმართა ფინალური ეტაპი მეორე ყოველწლიური იმიტირებული სასამართლო პროცესისა კონკურენციის სამართალში. ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს მოდულს „ევროპული და შედარებითი კონკურენციის სამართალი და პოლიტიკა“ (European and Comparative Competition Law and Policy – ECCLAP) ფარგლებში.
იმიტირებული პროცესი ღია იყო საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში იურიდიულ ფაკულტეტებზე დარეგისტრირებული სამართლის საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის. ღონისძიება ჩატარდა სამ ეტაპად: ინტერესის გამოხატვა/რეგისტრაცია, წერილობითი პოზიციების წარმოდგენა წინასწარ გამოქვეყნებულ კაზუსთან დაკავშირებით და ზეპირი სასამართლო მოსმენა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 26-მა გუნდმა. 21 დეკემბერს გამართულ ფინალურ რაუნდში ასევე ჩართული იყო თსუ-ის სტუდენტ-მსაჯთა კოლეგია - ანა თირქია, ნინო მაისურაძე და ანუკი ხარაძე.
ფინალურ რაუნდში გაიმარჯვა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა “Brainstorm” (ანა კახიანი, ნია რაზმაძე და ქეთი წერეთელი). გუნდის კაპიტანი, ანა კახიანი, ასევე დასახელდა იმიტირებული პროცესის საუკეთესო სპიკერად.
ღონისძიების ფინალურ ეტაპზე ასევე გადავიდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი „ტრიადა“ (სალომე სამადაშვილი, მარიამ პატარაია, მარიამ კიკნაველიძე) და „თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი“ (ქეთევან კალანდაძე, ნიცა ნანობაძე, ნათია ბედუკაძე).
თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი და ღონისძიების ხელმძღვანელი - ჟან მონეს ECCLAP მოდულის კოორდინატორი, დოქტორი ლიანა ჯაფარიძე - მადლობას უხდიან მონაწილეებსა და მსაჯებს გაწეული შრომისათვის, რამაც ღონისძიება დინამიკური და საინტერესო გახადა.